თბილისის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, დაარსდა V საუკუნეში. თბილისის დაარსება დაკავშირებულია ლეგენდასთან, რომლის მიხედვითაც ქართლის მეფე, ვახტანგ გორგასალი, დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე ნადირობდა. ნადირობისას მეფემ ხოხობი მოკლა, რომელიც ცხელ წყალში ჩავარდა და მოიხარშა. სწორედ ამ ადგილზე ბრძანა მეფემ ქალაქის გაშენება, რომელსაც თბილისი უწოდა. გოგირდიანი თბილი წყლები კი თბილისის სავიზიტო ბარათია.
თბილისის შესახებ მრავალი ევროპელი მოგზაური მოგვითხრობს. ქალაქი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის გზაგასაყარია. საქართველოს დედაქალაქი, ერთი მხრივ, არის კულტურათა შეხვედრის ერთგვარი სიმბოლო, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის ქართველთა იდენტობის, ცხოვრებისა და ისტორიის ნამდვილი მემატიანე. დედაქალაქში იყო ბევრი ბრძოლა, თუმცა ნგრევას ყოველთვის მოჰყვებოდა შენება. დღევანდელი თბილისის არქიტექტურული და ურბანული იერსახეც სწორედ კულტურებისა და ეპოქების ერთგვარ ცვლას ასახავს. ქალაქი გაშენებულია მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე. ქალაქის ისტორიულ ნაწილში შეხვდებით ბაროკოს, რენესანსისა და ნეორენესანსის ტიპის შენობებს, რომელთა არქიტექტორებიც ცნობილი ევროპელი მშენებლები ყოფილან.
თბილისში დღემდეა შემორჩენილი შუასაუკუნეების ძეგლები და არქიტექტურა. ძველ თბილისში გვერდიგვერდ დგას კათოლიკური, მართლმადიდებლური და გრიგორიანული ეკლესიები, სინაგოგა და მეჩეთი.