Slideshow Image 1 Slideshow Image 6 Slideshow Image 3 Slideshow Image 2 Slideshow Image 4 Slideshow Image 5 Slideshow Image 6 Slideshow Image 7
  Eng Geo
მთავარი საინფორმაციო წერილი სიმპოზიუმის გასამართი ადგილი საორგანიზაციო კომიტეტი სიმპოზიუმის პროგრამა რეგისტრაცია თეზისების გაფორმების წესი კულტურული ღონისძიებები პრესა კონტაქტი ფოტოგალერეა  
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1918 წელს  გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.
საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად  დაიბადა. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომელთანაც დაკავშირებულია სულიერი აღორძინების ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა უნივერსიტეტის დაარსებისათვის ბრძოლა. 
უმაღლესი სკოლის შექმნის რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თბილისში დაარსდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. იგი რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის  მზადება. 
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი  1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი,  იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი. 
1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის  – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ-ს 7 ფაკულტეტზე  22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად  უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება. უცხოეთის ქვეყნების  უნივერსიტეტებთან  მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვონ ორმაგი აკადემიური ხარისხი.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესახებ

1918 წელს დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი ფაკულტეტი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი იყო, რომლის მემკვიდრე   დღევანდელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტია. დღევანდელი სახით თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2005 წელს ჩამოყალიბდა ყოფილი ფილოსოფიის,  ფილოლოგიის, ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა, ფაკულტეტების ბაზაზე. ამჟამად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი თსუ-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, დიდი სამეცნიერო პოტენციალის მქონე და დინამიკურად განვითარებადი და კონკურენტუნარიანი ფაკულტეტია, სადაც სწავლება და კვლევა მიმდინარეობს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა ძირითადი მიმართულებით.
ფაკულტეტზე სწავლობს 4000–ზე მეტი სტუდენტი.